ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკის ქვეყნებში დაამტკიცა ბავშვებში მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა RTS,S.
ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ ღებრეისუსმა განაცხადა, რომ წარმატებული ცდების შემდეგ აფრიკის სამ ქვეყანაში ვაქცინა ფართო გამოყენებისათვის მზად არის.
"ჩემი სამედიცინო კარიერა მალარიის შესწავლით დავიწყე. მას შემდეგ ვოცნებობდი, რომ მსოფლიოს მიეღო ვაქცინა ამ უძველესი და საშინელი დაავადების წინააღმდეგ. დღეს, ეს ისტორიული დღეც დადგა", - თქვა ღებრეისუსმა.
მალარიას იწვევს პარაზიტული მიკროორგანიზმები, რომლებიც ადამიანის ორგანიმში მოხვედრისთანავე შლის სისხლის უჯრედებს. დღემდე მალარიასთან ბრძოლისთვის გამოიყენებოდა ფარმაცევტული საშუალებები, რომელიც კლავდა პარაზიტებს, ასევე მწერების საწინააღმდეგო ბადეები, რომელიც იცავდა ადამიანებს მალარიის გადამტანი კოღოების ნაკბენისგან და ინსექტიციდები.
ეს ღონისძიებები ამცირებდა მალარიით დაავადებულთა რაოდენობას, მაგრამ ბოლო დროს აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ერითრეასა და სუდანში, დაავადებულთა რიცხვმა კვლავ მოიმატა. 2019 წელს მალარიისგან გარდაიცვალა 409 ათასი ადამიანი, მათ შორის 270 ათასზე მეტი 5 წლამდე ბავშვი. გარდაცვალების თითქმის ყველა შემთხვევა ტროპიკული აფრიკის ქვეყნებზე მოდის.
დამტკიცებული ვაქცინა RTS,S, რომელიც ასევე ცნობილია Mоsquirix-ის სახელწოდებით, შეიმუშავა ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანია GlaxoSmithKline-მა (GSK). ცდები ჩატარდა განაში, კენიასა და მალავში, სადაც ვაქცინა მიიღო 800 ათასზე მეტმა ბავშვმა.
თუმცა მისი ეფექტიანობა მაღალი არ იყო: ვაქცინა აჩერებდა დაავადებას ბავშვთა 39 პროცენტში და მხოლოდ შემთხვევათა 29 პროცენტი დაიცვა მალარიის მძიმე ფორმისგან.
ტრადიციულად, ჯანმო რეკომენდაციას იძლევა ვაქცინა გამოყენებული იქნას იმ შემთხვევებში, როდესაც მისი ეფექტიანობა 75 პროცენტს აღემატება.
თუმცა, აგვისტოში, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინისა და მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების ერთობლივი მიღება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევების რაოდენობას 70 პროცენტით ამცირებს.