საქართველოს კონტროლის პალატამ 2011 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, პარლამენტს თავისი შენიშვნები და წინადადებები წარუდგინა.
კონტროლის პალატამ საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის გადამუშავებული პროექტი განიხილა, რომელშიც კანონპროექტის განხილვის პირველ ეტაპზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები გათვალისწინებულია.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის თვალსაზრისით არ არსებობდა არსებითი ხასიათის სამართლებრივი წინააღმდეგობა, რომელიც დააბრკოლებდა მის განხილვა-მიღებას.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, შესწორებული კანონპროექტის მიხედვით, არაფინანსური აქტივების კლებიდან (პრივატიზაცია) მისაღები შემოსულობების საპროგნოზო მოცულობა თავდაპირველ პროექტთან შედარებით 80 მლნ. ლარით გაიზარდა და 150 მლნ. ლარი შეადგინა; კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის ახსნილი, თუ დროის ასეთ მცირე მონაკვეთში (კანონპროექტის პირველი ვარიანტის პარლამენტში წარდგენიდან ერთ თვეში) რა რესურსი გამოინახა, რომელმაც 80-მილიონიანი ზრდა განაპირობა ან თუ ასეთი რესურსი არსებობდა, რატომ არ იქნა გათვალისწინებული იგი თავიდანვე, ოქტომბრის დასაწყისში წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში.
საქართველოს კონტროლის პალატა კვლავ აქტუალურად მიიჩნევს და საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინაშე სვამს საგადასახადო შემოსავლებში საგადასახადო ტვირთის დივერსიფიცირების შესაძლებლობაზე განხილვების დაწყების საკითხს.
2011 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტზე წარმოდგენილ დასკვნაში კონტროლის პალატა აღნიშნავდა და ამჯერადაც მოელის, რომ შემდგომი განხილვებისას წარმოდგენილი იქნება სრულყოფილი ინფორმაცია და გაიმართება მსჯელობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: შიდა აუდიტის სისტემის ფორმირების სამართლებრივი და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა; საჯარო ფინანსების მართვისა და აღრიცხვის სისტემური მოწესრიგება; საჯარო სამართლის იურიდიული პირების სისტემა; სახელმწიფო საწარმოები და მათი მართვის სისტემა; პრივატიზაციის პროცესის ხედვა; საბიუჯეტო სახსრებით წარმართული სადაზღვევო პროგრამებისა თუ სქემების სისტემური მოწესრიგება; სტატისტიკის სფეროს რეფორმის მიმდინარეობა და სამომავლო ხედვა.
სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, ინოვაციების მხარდაჭერა თუ კომერციალიზაციის ხელშეწყობა, პრივატიზაცია და სახელმწიფო საწარმოები ის სფეროებია, სადაც არის ზრდის პოტენციალი და შესაბამისად, მოითხოვს სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და სისტემურ მიდგომას.