Youtube კიდევ უფრო ამკაცრებს საინფორმაციო პოლიტიკას. როგორც პლატფორმის ადმინისტრაცია იუწყება, Youtube დაბლოკავს დეზინფორმაციის შემცველ ყველა ვიდეოს არამხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, არამედ ყველა სამედიცინო ვაქცინის შესახებ.
კორპორაცია Google-ის მფლობელობაში შემავალი პლატფორმა აკრძალავს ყველა ისეთი შინაარსის ვიდეოს, რომელიც ამტკიცებს, რომ ვაქცინები საშიშია ჯანმრთელობისთვის, იწვევენ სერიოზულ ქრონიკულ დაავადებებს ან შეიცავს ვაქცინებში შემავალი ნივთიერებების შესახებ დეზინფორმაციას.
მანამდე, Youtube ძირითადად ფოკუსირებული იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციული ვიდეოების წაშლაზე, თუმცა დროთა განავლობაში, აღმოჩნდა, რომ სხვა ვაქცინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიაც ხელს უწყობდა ვაქცინაციის შესახებ ირაციონალური შიშების გაძლიერებას.
2021 წლის დასაწყისიდან Youtube-მა ვაქცინების შესახებ ათეულ ათასობით ვიდეო წაშალა, თუმცა ზოგიერთი ანგარიში ახერხებდა, აკრძალვების გვერდის ავლით გაევრცელებინა დეზინფორმაცია, რის გამოც პოლიტიკის გამკაცრების საჭიროება დადგა.