თბილისში ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი დამთვალიერებელს ჯავახიშვილის N7-ში ხვალიდან უმასპინძლებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო. კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
თბილისის მერმა შესრულებული მასშტაბური სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა თბილისის განვითარების ფონდს, ასევე, ხაზი გაუსვა თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომელთა დამსახურებას თითოეული სამუზეუმო ექსპონატის გადარჩენისა და ზრუნვის საქმეში.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში2017 წელს დაიწყო. სამი წლის განმავლობაში ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები. მათ შორის: ისტორიული შენობის კონსტრუქციული გამაგრება, ფასადის დეკორატიული დეტალების რესტავრაცია, შენობის ავთენტური ინტერიერის აღდგენა, შიდა ეზოს კეთილმოწყობა, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელის გამართვა, თანამედროვე საგამოფენო სივრცეების მოწყობა და მემორიალური დარბაზების რესტავრირება. საგამოფენო და მემორიალური სივრცეები სამუზეუმო საფონდო მასალებითა და ეპოქალური ნივთებით მოეწყო ეპოქის გათვალისწინებით და ეპისტოლარული მემკვიდრეობით გადმოცემული აღწერილობით.
რესტავრირებულია ილია ჭავჭავაძის მემორიალური სასადილო, საძინებელი და სამუშაო ოთახები, სადაც აღდგენილია ავთენტური კედლები და ჭერი. მუზეუმში, გარდა მემორიალური და საგამოფენო სივრცეებისა, მოწყობილია სამკითხველო. ასევე, საგანმანათლებლო, სამუშაო და საბიბლიოთეკო სივრცეები. მუზეუმი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან – ოლღა გურამიშვილთან ერთად თბილისში,ჯავახიშვილის N7-ში თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში 1888-1901 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.





