ჰოსპიტალში მოხვედრილი კორონავირუსით ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ არის, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მისი განმარტებით, გასულ ტალღებთან მიმართებით მიმდინარე ტალღაში ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავება არ აღინიშნება.
„ჰოსპიტალში მოხვედრილი ინფიცირებული პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია. გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში. რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას - გასულ ტალღებთან მიმართებით მიმდინარე ტალღაში ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავებას ვერ ვხედავთ. ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს ზემოთ ასაკში. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში გარდაცვალება ერთეულია. მსგავსი იყო გასული ტალღების პერიოდშიც. საყურადღებო ფაქტორი, რაც გარდაცვალებასთან მიმართებით სახელდება, არის დროული მომართვა კლინიკაში, რისთვისაც პირველადი ჯანდაცვის ექიმები აქტიურად მუშაობენ და როგორც კი პირველი საგანგაშო ნიშნებია სახეზე, მაშინვე ხდება პაციენტის გადამისამართება კლინიკებში“,- განაცხადა გაბუნიამ.