უკრაინა ამერიკისგან Covid-19-ის საწინააღმდეგო ინოვიაციურ მედიკამენტებს მიიღებს. იტყობინება უკრაინის სახელმწიფო სააგენტო Ukrinform-ი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 20 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩავა და საქველმოქმედო ფონდების მეშვეობით რეგიონებში განაწილდება.
მისივე ცნობით, ეს შეთანხმება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმი ზელენსკის ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.
"აშშ-ს მთავრობა, მწარმოებელთან ერთად, მოგვაწოდებს ინოვაციურ მედიკამენტებს COVID-19- ის წინააღმდეგ, როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას. ისინი უკვე რეგისტრირებულია FDA-ს მიერ და რეკომენდებულია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მქონე პაციენტებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მათი დამძიმების რისკი", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საუბარია 20 ათას ფლაკონ "ბამლანივიმაბსა" (Bamlanivimab) და 40 000 ფლაკონ "ეტესევიმაბზე" (Etesevimab).
ვიქტორ ლიაშკომ დასძინა, რომ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიძინა 2 784 ფლაკონი "ტოცილიზუმაბი" და ასრულებს 14 346 პაკეტი "რემდესივირის" შესყიდვას.
Covid-ის საწინააღმდეგო ამ უახლეს პრეპარატს ბამლანივიმაბს (Bamlanivimab, LY-CoV555), რომელიც ხელს უშლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადების – კოვიდ-19-ის გამწვავებას, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly and Co. აწარმოებს.
პრეპარატი წარმოადგენს კომბინირებულ გამანეიტრალებელ მონოკლონურ IgG1 ანტისხეულს, რომელიც SARS-CoV-2 ვირუსის S ცილას უტევს. მკურნალობის მთელი კურსი მოიცავს ნივთიერების ვენაში ინფუზიით შეყვანას ერთჯერადად.
მწარმოებელმა კომპანიამ 2020 წლის ნოემბერში მიიღო სპეციალური ნებართვა აშშ-ის სურსათისა და წამლის ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან (FDA) მისი "გადაუდებელი გამოყენებისათვის" პაციენტების სამკურნალოდ COVID-19-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევებში.
ერთი პაციენტისათვის განკუთვნილი ერთი კურსის (ერთი დოზა) ღირებულება დაახლოებით $1200-ს შეადგენს. პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს ალბათობას, რომ დაავადება მძიმე ფორმით განვითარდება და პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება.
პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებით აუცილებელია "სამედიცინო ფაქტორებით გამოწვეული რისკის" ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ.
9 თებერვალს ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ საგანგებოდ დაუშვა ორი მონოკლონური ანტისხეულის - ბამლანივიმაბისა და ეტესევიმაბის კომბინაცია, მსუბუქი და საშუალო სიმწვავის COVID-19 პაციენტებისთვის.
მონოკლონური ანტისხეულები ლაბორატორიაში დამზადებული ცილებია, რომლებიც ადამიანის იმუნურ სისტემას ბაძავენ და ისეთ საშიშ პათოგენებთან ბრძოლაში ეხმარებიან, როგორებიცაა ვირუსები. მონოკლონური ანტისხეულები - ბამლანივიმაბი და ეტესევიმაბი კი პირდაპირ მუშაობენ ახალი კორონავირუსის სპაიკ ცილის წინააღმდეგ და ამით ხელს უშლიან ვირუსს, რომ ადამიანის უჯრედს შეურთდეს.