სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, ისევე მარტივად ვრცელდება, როგორც „ბეტა“ და „დელტა“ შტამები. კვლევის შედეგები ვებგვერდ medRxiv-ზე ვრცელდება.
კვლევის თანახმად, მაისში ახალ შტამ C.1.2-ზე მოდიოდა სეკვენირებული ნიმუშების 0,2%, ივნისში - 1,6%, ხოლო ივლისში ამ მაჩვენებელმა 2% შეადგინა, რაც მსგავსია „ბეტა“ და „დელტა“ შტამების გავრცელების ტემპებისა სამხრეთ აფრიკაში მათი აღმოჩენის ადრეულ ეტაპზე.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი შტამის გამოვლენა სწრაფი მუტაციის შედეგი გახდა. ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი, სხვა შტამებთან შედარებით, უფრო მარტივად გადადებადია, ასევე ის უფრო მარტივად არიდებს თავს ანტისხეულებს.
ამჟამად ლაბორატორიული ტესტები ტარდება იმის დასადგენად, რამდენად კარგად ხდება აღნიშნული ვარიანტის ანტისხეულებით ნეიტრალიზება.
სამხრეთაფრიკელი მკვლევარები ამბობენ, რომ ახალ შტამს შემაშფოთებლად ბევრი მუტაცია აქვს.