ზოგიერთ დაწესებულებაში, შესაძლოა, მხოლოდ ვაქცინირებული ან უარყოფითი ტესტის მქონე მოქალაქეები დაუშვან.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდიონაციო საბჭო უახლოეს მომავალში იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე.
"საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეს ტესტის ჩატარებას სახელმწიფო აღარ დაუფინანსებს.