პენტაგონი, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი გეგმავს, ამერიკელი სამხედროებითვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს. იტყობინება სააგენტო Associated Press-ი თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის მოხსენებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, ამერიკის შეიარაღებული ძალების თითოეული თანამშრომელი 15 სექტემბრამდე უნდა აიცრას.
"მივმართავ პრეზიდენტს, რათა მოვიპოვო ნებართვა სექტემბრის შუა რიცხვებამდე სამხედროებისთვის სავალდებულო ვაქცინაციისთვის", - წერს მდივანი ოსტინი მოხსენებით ბარათში, სადაც იგი მიმართავს მისდამი დაქვემდებარებულ ძალებს, მოემზადონ აცრისთვის.
თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახური უკვე სრულად ვაქცინირებულია, სულ მცირე 237 ათასმა მოსამსახურემ კი ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიიღო.
საზღვაო ძალების თანახმად, აქტიური მეზღვაურებისა და რეზერვისტების 74%-ს მიღებული აქვს მინიმუმ ერთი დოზა. საჰაერო ძალების თანამშრომელთა 65%-ზე მეტი ასევე აცრილია მინიმუმ ერთი დოზით.
შეერთებული შტატების არმიაში აცრილთა რაოდენობა დაახლოებით 50%-ს შეადგენს.