საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილი ვიზიტორები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან და მათზეც გავრცელდება ის რეგულაციები, რაც სრულად ვაქცინირებული პირებისთვის, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თმით, საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღო.
„ამასთან, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან და მათზეც გავრცელდება ის რეგულაციები, რაც სრულად ვაქცინირებული პირებისთვის“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა ასეთი, რომ როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდი, ის ითვლება სრულად ვაქცინირებულ პირად.
„საქართველოში როდესაც შემოდის ადამიანი, თუ ის ორჯერ არის აცრილი, მას არ ეხება შეზღუდვები საზღვრის კვეთისას. ასევე დასწრება სემინარებზე, ვორქშოპებზე და ა.შ. ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა ასეთი, რომ როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდი, ის ითვლება სრულად ვაქცინირებულ პირად. შესაბამისად, ჩვენთანაც ხდება გათანაბრება ამ სტატუსის და თუ ადამიანს გადატანილი აქვს ვირუსი და ერთხელ არის აცრილი, იგივე სტატუსი აქვს, რაც ორჯერ აცრილ ადამიანს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
გიორგი ღიბრაძის შემდეგ, აღნიშნული საკითხი უფრო ნათლად განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი განმარტებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება მხოლოდ ის პირი, რომელსაც აცრის ორი დოზა აქვს გაკეთებული.
„ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული პერიოდის ფარგლებში უშვებს, რომ ერთი ვაქცინა საკმარისია, თუ პირმა გადაიტანა კოვიდინფექცია და ითვლება, რომ ეს ადამიანი სრულად ვაქცინირებულია. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ მსგავსი ტიპის პროტოკოლს, აღიარებულ იქნან ჩვენთანაც. ანუ თუ პირმა თავის ქვეყანაში მიიღო უკვე სრულად ვაქცინირებულის სტატუსი, ეს ჩვენც უნდა ვაღიაროთ, რადგან მათი პროტოკოლით ერთხელ ვაქცინირებული, თუ დაავადება აქვს გადატანილი ადამიანს, ითვლება, რომ არის სრულად ვაქცინირებული. ჩვენთან არ მოქმედებს იგივე პრინციპი. ჩვენთან ყველა შემთხვევაში აუცილებელია ორი ვაქცინაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.