თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში ტყის ხანძრის 196 კერა სრულად ლიკვიდირებულია, დარჩენილი 12-ის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ინფორმაციას Daily Sabah-ი ავრცელებს.
ერდოღანის თქმით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება 6 პროვინციაში - ანტალიაში, მუღლაში, ისპარტაში, ადანაში, აიდინსა და დეინიზლიში.
მანამდე, თურექთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლმომ განაცხადა, რომ ძლიერი ქარის მიუხედავად, სამაშველო სამსახურები წარმატებით უმკლავდებიან ხანძარს.
ტყის ხანძრები თურქეთში 10 დღეა მძვინვარებს. ხანძარმა გაანადგურა ტყის მასივები და უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელი თავშესაფრის გარეშე დატოვა.
ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა.
ერდოღანის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად. მისი თქმით, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, ცეცხლის განზრახ გაჩენა.
თავის მხრივ, სააგენტო AP აღნიშნავს, რომ ექსპერტები ხანძრის გამომწვევ ძირითად მიზეზად კლიმატის ცვლილებას და ტემპერატურის მატებას ასახელებენ.