თბილისში, პუშკინის სკვერში ხელოვნების მუზეუმის საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში კულტურის სფეროს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.
გამომსვლელები საუბრობდნენ იმ მოთხოვნების შესახებ, რაც მათი თქმით, აუცილებელია იმისათვის, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცული ექსპონატები გადარჩეს.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების თქმით, მათი ძირითადი მოთხოვნებია: ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრებისა და რესტავრაციის პროექტი შეასრულონ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტებმა; გასაჯაროვდეს სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, პასუხისმგებელი პირების მითითებით, ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილი და პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები; კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართულობა და პროცესის სრული გამჭვირვალობა.
80-იანი წლების შემდეგ ექსპონატებს რეაბილიტაცია არ ჩატარებიათ, ამიტომ მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტები და სპეციალისტები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ გადაადგილების პროცესს. ისინი ითხოვენ, გასაჯაროვდეს სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილი და პროცესში ჩართული იყვნენ სპეციალისტები.
ფოტო: თავისუფლების ინსტიტუტი