რუსულმა ატომურმა წყალქვეშა ნავმა Орел-მა, რომელიც თანმხლებ გემებთან ერთად, სანქტ პეტერბურგიდან კოლის ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდა, დანიის სანაპიროსთან, ქალაქ ორჰუსის სიახლოვეს მოულოდნელად სიჩქარე დაკარგა.
ინციდენტი შესახებ ინფორმაცია, რომელიც 30 ივლისს მოხდა, ნორვეგიულმა გამოცემამ The Barents Observer-მა გამოაქვეყნა.
დანიის საპატრულო ხომალდის ეკიპაჟმა, რომელიც წყალქვეშა ნავის ტრაექტორიას აკვირდებოდა, ვითარებას დრამატული უწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, წყალქვეშა ნავს თანხმლებმა რუსულმა ხომალდებმა საბუქსირე საშუალებები დაამაგრეს. დანიის საპატრულო ხომალდმა რუსულ ესკორტს შესთავაზა დახმარება, თუმცა მათგან "თავაზიანი უარი მიიღეს".
დანიური ხომალდის განცხადებით, გარკვეული დროის შემდგომ, ატომურმა წყალქვეშა ნავმა შეძლო ძრავების ამუშავება და საბუქსირე საშუალებებიც მოხსნეს.
წყალქვეშა ნავის ამუშავების შემდეგ, მისი მონიტორინგი ნორვეგიის შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელეს.
ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის საზღვაო ძალების სარდლობას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. უცნობია რამ გამოიწვია ნავის ძრავების ჩაქრობა, დაკავშირებული იყო თუ არა ინციდენტი ბირთვულ რეაქტორებთან ან დამხმარე აღჭურვილობის გაუმართაობასთან.
წყალქვეშა ნავი K-266 Orel ექსპლუატაციაში შევიდა 1992 წლის დეკემბერში. წყალქვეშა ნავმა 2021 წლის 25 ივლისს მონაწილეობა მიიღო სანქტ პეტერბურგის საზღვაო აღლუმში, რომელიც რუსეთის საზღვაო ფლოტის 325-ე წლისთავს მიეძღვნა.