ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა.
შეხვედრა ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა მის რეზიდენციაში გამართული საუბრის დროს გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა "სამოქალაქო საზოგადოებისა და ბელორუსში დემოკრატიის მიმართ".
"აშკარაა, რომ ჩვენ ერთ მხარეს ვართ და აქტიურად ვუჭერთ მხარს იმას, რასაც აკეთებთ. დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სანქციები დააწესა რომან პრატასევიჩის გატაცების გამო", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
თავის მხრივ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ შეხვედრა "თბილ ატმოსფეროში" წარიმართა. მისივე თქმით, ბელარუსის ხალხისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო მათ მხარდაჭერას უცხადებს.
მანამდე, ბელარუსის ოპოზიიციის ლიდერმა უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრები გამართა შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს.