შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, ვაშინგტონმა რუსეთის საელჩოს 24 დიპლომატს 3 სექტემბრამდე ქვეყნის დატოვება უბრძანა.
ანტონოვის თქმით, დიპლომატებს ვიზის მოქმედების ვადა ეწურებოდათ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა არ გაახანგრძლივა.
როგორც ანატოლი ანტონოვი აცხადებს, მოსკოვს არ ექნება შესაძლებლობა ამ დიპლომატების ჩანაცვლებისა, რადგან "ვაშინგტონმა სავიზო პროცედურები მოულოდნელად გაამკაცრა".
"ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და შევძლებთ რუსი და ამერიკელი დიპლომატების ცხოვრების ნორმალიზებას შეერთებულ შტატებსა და რუსეთში ურთიერთგაგების საფუძველზე", - თქვა ანტონოვმა.
რუსეთის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სთან დაწყებული დიალოგი კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაგრძელდება.
მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიდი ხანია არსებობს უთანხმოება რიგ საკითხებზე. ორმხრივი ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც აშშ -ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ფიქრობდა თუ არა, რომ პუტინი მკვლელია.
დაძაბულობა გარკვეულწილად შემცირდა მას შემდეგ, რაც ივნისში, ჟენევაში ბაიდენისა და პუტინის სამიტი გაიმართა.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატებმა რუსეთში დიპლომატიურ მისიას 182 თანამშრომლით შეამცირა.