ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კორპორაცია Apple-მა თავისი App Store-დან წაშალა აპლიკაცია Unjected, რომელიც ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა ურთიერთგაცნობისთვის იყო განკუთვნილი.
გავრცელებული ინფორმაციით, Apple-მა აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესების დარღვევის გამო მიიღო.
Apple მოითხოვს, რომ App Store-ში განთავსებული ყველა აპლიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსთან, მოქმედებდეს დადგენილი წესებით და ინფორმაციას სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდეს.
აპლიკაცია Unjected ორმა ჰავაელმა ქალმა შექმნა, რომელთა განცხადებით, მათ სურთ თავიანთ მომხმარებლების მოტივირება, რათა მათ უარი თქვან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.
ამ დროისთვის, აპლიკაცია Google Play-ში ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ Google-მა გააფრთხილა აპლიკაციის მესვეურები, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ მომხმარებლების ინფორმირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაციას წაშლიან. Unjected თავის მომხმარებლებს უგზავნიდა შეტყობინებას, რომ ვაქცინა "ბიოლოგიური იარაღია".