ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტებმა "ფაიზერმა" და "მოდერნამ" ევროკავშირისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ღირებულება გაზარდეს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ევროკომისიასა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გაფორმებულ კონტრაქტებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანია "ფაიზერმა" ვაქცინის ფასი 25%-ით გაზარდა. "ფაიზერის" ვაქცინის ახალი ფასი 19.5 ევროა (23.15 აშშ დოლარი), უწინ ის 15.5 ევრო ღირდა.
"მოდერნას" ვაქცინის ახალი ფასი 21.5 ევრო (25.5 აშშ დოლარი) გახდა. ეს პრეპარატი ადრე 19 ევრო (22.6 აშშ დოლარი) ღირდა.
როგორც იუწყებიან, ფასების ზრდა ბაზარზე ვაქცინის მზარდ მოთხოვნას უკავშირდება. "მოდერნამ" დაადასტურა ვაქცინის ღირებულების გაზრდის შესახებ ინფორმაცია, "ფაიზერმა" კი დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
Financial Times-ის ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიები იმედოვნებენ, რომ წელს ვაქცინებისგან მიღებული შემოსავალი ათობით მილიარდი დოლარი იქნება, რადგან ვირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე, სახელმწიფოები ვაქცინის მარაგების უზრუნველყოფას ესწრაფვიან.