ბელარუსის პრეზიდენტის ალიაქსანდრ ლუკაშენკას განცხადებით, ბელარუსის ტერიტორიაზე "ყველანაირი იარაღით" აღჭურვილი რუსული შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ განლაგდეს, თუ ეს საჭირო იქნება "სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".
ბელარუსის ლიდერის ამ განცხადებას სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საინფორმაციო სააგენტო BelTA ავრცელებს.
ამასთან, ლუკაშენკამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ბელარუსში რუსული სამხედრო ბაზების განლაგების საკითხი უმაღლეს (პრეზიდენტების) დონეზე არასდროს განხილულა.
ლუკაშენკას თქმით, ბელარუსის ხელისუფლებას თავადაც ძალუძს, მოკლე დროში 500 ათასი ჯარისკაცის მობილიზება მოახდინოს.
"თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება, ბელარუსში ჩამოვლენ რუსეთის შეიარაღებული ძალები. ეს არასოდეს მოხდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, არ მოვერიდებით“, - დასძინა მან.
ლუკაშენკას განცხადების საპასუხოდ, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვს მინსკიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების განლაგების შესახებ მოთხოვნა არ მიუღია.
"ბელორუსიის მხრიდან არანაირი მიმართვა არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთი ქვეყნის ხელმძღვანელობა ოფიციალურად მიმართავს სხვა ქვეყნის ხელმძღვანელობას. არსებობს კანონით განსაზღვრული პროცედურები და უფლებამოსილებები“, - ციტირებს პესკოვის სიტყვებს სააგენტო "ინტერფაქსი".