ქართული ოცნების ხელისუფლებამ, თავის დროზე ბატონმა ნარმანიამ და ბატონმა კალაძემ უპრეცედენტო საქმიანობა აწარმოეს იმისთვის, რომ ამ ქალაქში უკეთესად ვსუნთქავდეთ, უკეთესად ვცხოვრობდეთ, - განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას.
წულუკიანის განცხადებით, სამინისტროს მიზნად აქვს დასახული, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი გახდეს ერთ-ერთი წამყვანი მწვანე მუზეუმი საქართველოში.
ვვარაუდობთ, რომ 10 წლის თავზე ის მტკივნეული საკითხი, რომელიც დღეს საქართველოს აწუხებს - მუზეუმების მართვა თანამედროვე სტანდარტით, იყოს შემუშავებული, მოქმედებდეს ერთიანი პოლიტიკა და ჩვენს მუზეუმებში დაცული ექსპონატების 100% ასევე იყოს აღრიცხული ელექტრონულ პლატფორმებზე. ჩვენ დღეს მუზეუმში ვიმყოფებით და არ შეიძლება ხაზი არ გაესვას იმ სიმბოლოს, ადგილს, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ დღევანდელი პრეზენტაციისთვის - გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო დეპუტატებო, ძვირფასო სტუმრებო და ახალგაზრდებო, ეს არის შუაგულ დედაქალაქში მწვანე სივრცე, რომელიც ათეულობით ჰექტარზე არის გადაშლილი და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ეს გახდეს ერთ-ერთი წამყვანი მწვანე მუზეუმი საქართველოში, იმ თბილისში, რომლის გამწვანებისა და განვითარებისთვის ქართული ოცნების ხელისუფლებამ, თავის დროზე ბატონმა ნარმანიამ და ბატონმა კალაძემ უპრეცედენტო საქმიანობა აწარმოეს იმისთვის, რომ ამ ქალაქში უკეთესად ვსუნთქავდეთ, უკეთესად ვცხოვრობდეთ და ვფიქრობთ, რომ ეს მუზეუმი იმ ახალი რეფორმის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გვინდა განვახორციელოთ, თავის დიდ წვლილს შეიტანს და თბილისელებისთვის, ეს არა მხოლოდ დაცული ოდა-სახლები იქნება, არამედ სასეირნო, გასართობი და რაც მნიშვნელოვანია - საგანმანათლებლო სივრცე იქნება ბავშვებისათვის“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.