დიალოგი ევროკავშირსა და რუსეთს შორის მრავალი თვალსაზრისით სასარგებლო იქნება, თუნდაც იმ მიზნით, რომ ვლადიმირ პუტინს მკაფიოდ ვუთხრათ, კიბერთავდასხმები პროდუქტიული ურთიერთობების საფუძველი ვერ იქნება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანელ და ფრანგ კანონმდებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ვფიქრობ, რომ უკეთესია არამხოლოდ ერთმანეთთან საუბარი (ევროკავშირის შიგნით), არამედ პირისპირ შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, რათა ვუთხრათ მას, რომ ასეთ საფუძვლებზე პროდუქტიული თანამშრომლობა ვერ შედგება", - თქვა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ამჟამად რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ "ცივი ომის" დროსაც, კი ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.
"ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ დუმილი პრობლემას ვერ მოაგვარებს", - დასძინა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს ევროკავშირმა უარყო საფრანგეთ-გერმანიის წინადადება რუსეთთან სამიტის ჩატარების შესახებ.