1-ელი ივლისიდან რესტორნები 24:00 საათამდე ფუნქციონირებას შეძლებენ, რასაც კერძო სექტორის მხრიდან დადებითი შეფასება უკვე მოყვა. რესტორან "ქვევრის" დამფუძნებელი ლაშა ბასლანძე აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციების შემსუბუქებით რესტორანს კლიენტების რაოდენობა 60%-ით გაეზრდება.
"სარესტორნე ბიზნესი COVID-რეგულაციების მორიგ შემსუბუქებას დადებითად ვაფასებთ. როდესაც რესტორანს უწევს დაკეტვა 9-10 საათზე, უფრო ადრე კი სამზარეულოს დახურვა, ეს ჩვენს შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება.
რესტორანში კლიენტი მხოლოდ კვებისთვის არ მოდის, მისთვის საჭიროა გართობა და კომფორტული ზონის შექმნა. როდესაც გიწევს რესტორნის ადრე დახურვა, შესაბამისად ვერ აკეთებ გათვლებს და ვერ გეგმავ იმ პროექტს რაც შესაძლოა შენი მომხმარებლისთვის შეგეთავაზებინა. თუმცა ის ფაქტი, რომ ჩვენ ფუნქციონირებას 24:00 საათამდე შევძლებთ და ღამით გადაადგილებაზე პრობლემები არ იქნება ეს კლიენტების რაოდენობას 50-60%-ით გაგვიზრდის, შესაბამისად გაიზრდება გაყიდვების მაჩვენებლებიც. ამით კი ბიუჯეტიც სარგებელს ნახავს, ქვეყნის ეკონომიკაც და თავისთავად კერძო სექტორიც.
გარდა ქართველი მომხმარებლისა აქტიურად დაიწყებს შემოსვლას უცხოელი სტუმრებიც, რაც ადრე ჩვენი რესტორნის სტუმრების სტატისტიკაში მნიშვნელოვან როლს იკავებდა", აცხადებს ლაშა ბასლანძე.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ. მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზეც. რაც შეეხება ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, საბჭოს გადაწყვეტილებით ის ძალაში 1-ლი ივლისიდან შედის.