ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 15 ივნისს იხსნება. აჭარის შავიზღვისპირეთში განთავსებული სასტუმროები სტუმრების მისაღებად მზად არიან და მიაჩნიათ, რომ პოზიტიური მოლოდინების ფონზე სეზონი საკმაოდ წარმატებული უნდა იყოს
Hilton Batumi Hotel-ის კომერციული დირექტორი ლევან ასამბაძე ამბობს, რომ საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნა სასტუმრო ბაზარს და უშუალოდ სასტუმრო Hilton Batumi-ს დატვირთულობას უკვე დაეტყო.
"ტურისტული ნაკადების ზრდას უკვე ვგრძნობთ სხვადასხვა ქვეყნებიდან როგორიცაა ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ასე შემდეგ. ეს ის ტურისტები და სტუმრებია, რომლებიც Hilton Batumi-ში უკვე ნამყოფია და კარგად იციან Hilton-ის სტანდარტები. ისინი ჩვენ გვენდობიან და ჩამოდიან. თუმცა საზღვრების გახსნა იყო მთავარი, რომ ჩვენი სერვისი უფრო მეტად შეგვეთავაზებინა და ტურისტული ნაკადები გაზრდილიყო.
დატვირთულობას რაც შეეხება, წინა წელთან შედარებით Hilton Batumi Hotel-ში საკმაოდ დადებითი ტენდენციაა. 1-ელი ივნისიდან, ანუ სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ დაიწყო უფრო აქტიურად ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან. ჩვენ გათვლას არამხოლოდ სასტუმროს სტუმრებზე, ასევე კორპორატიულ შეხვედრებზეც ვაკეთებთ", აცხადებს ლევან ასამბაძე.
Hilton Batumi Hotel-ის კომერციული დირექტორის თქმით, MICE ტურიზმის მხრივ Hilton Batumi Hotel-ს სპეციალური პროგრამა გაქვს.
"ჩვენ გვაქვს სპეციალური ივენთპროგრამა, რომელიც ამ მიმართულებითაც გულისხმობს უფრო მეტ დაცულობას - დასუფთავებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით - კომპანიები გვენდობიან და ჩამოდიან. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ ასევე ადგილობრივ ბაზარზეც", აცხადებს Hilton Batumi Hotel-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
ლევან ასამბაძე განმარტავს, რომ Hilton Batumi Hotel-ში 2021 წლის მაისში 2019 წლის მაისის დატვირთულობის დაახლოებით 70-80%-ი უკვე აღდგა.
"თუმცა განსხვავება არის ის, რომ 2019 წელს ეს იყო წინასწარ, გარკვეული პერიოდით ადრე, გაკეთებული ჯავშნები, წინასწარ დაკონტრაქტებული პარტნიორები, წინასწარ დაკონტრაქტებული MICE ტურიზმის შეკვეთები. მაგრამ წელს შედარებით განსხვავებული ვითარებაა. კი ჩვენი პარტნიორები და მომხმარებლები ისევ ჩამოდიან, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება ვითარება ნებისმიერ დროს შეიცვალოს.
ძალიან მოკლე ფანჯარაში ხდება ჯავშნების მიღება და თავად ტურისტებსაც არ აქვთ იმის გარანტია, რომ ხვალ ან ზეგ რომელიმე ქვეყნის საზღვარი არ ჩაიკეტება". განმარტავს Hilton Batumi Hotel-ის კომერციული დირექტორი.
ირკვევა, რომ Hilton Batumi Hotel-ის მაგალითზე ივნისი ჯავშნების კუთხით საკმაოდ პოზიტიურია. "საზღვრების გახსნამ, ჩვენი ბრენდის მიერ შეთავაზებულმა უსაფრთხოების კუთხით სერვისებმა ტურისტებს მისცა თვითდაჯერებულობა, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში", აცხადებს ლევან ასამბაძე.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, Hilton Batumi Hotel-ის კომერციული დირექტორი ამბობს, რომ 2019 წელთან შედარებით საფასო პოლიტიკა ოდნავ განსხვავებულია.
"2019 წელს თუ შევადარებთ ვერ ვიტყვით, რომ საფასო პოლიტიკა იდენტურია. თუმცა თავად ბაზარმა დაარეგულირა და შედარებით დაბალ ფასზეა წელს გათვლა. თუმცა პოზიტიური მოლოდინებისა და მოთხოვნის ზრდის ფონზე შესაძლოა ფასები ისევ დაკორექტირდეს", ამბობს ლევან ასამბაძე.