პარიზში პოლიციელების მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.
პოლიციის პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ აქციაში 35 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ იმ პირების მკაცრ დასჯას, რომლებიც თავს ესხმიან სამართალდამცველებს, ასევე მეტ ეკიპირებას, პოლიცილების რაოდენობის გაზრდას ზოგიერთ რაიონში, უფლებების დაცვის გარანტიას და უფრო მეტ აღიარებას. სამართალდამცველები ქუჩაში, ავინიონში ანტინარკოტიკული ოპერაციის დროს პოლიციელის მკვლელობის შემდეგ გამოვიდნენ.
პოლიციელების მხარდაჭერის ნიშნად აქციაზე მივიდა საფრანგეთის შს მინისტრი ჟერალდ დარმანენიც.
5 მაისს ავინიონში ანტინარკოტიკული ოპერაციის დროს დამნაშავეებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 36 წლის სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავებულია ოთხი ადამიანი. რამდენიმე დღის შემდეგ ჟირონდის დეპარტამენტში ქალი პოლიციელს დანით თავს დაესხა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
სამართალდამცველებზე გახშირებული თავდასხმების ფონზე საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტეკსმა პოლიციელებზე თავდასხმისთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ განაცხადა.