შეერთებული შტატების უდიდეს ნავთობსადენზე Colonial Pipeline ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა განხორციელდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, კიბერთავდასხმის უკან, რომელმაც უდიდესი მილსადენის პარალიზება გამოიწვია, შესაძლოა რუსული ჰაკერული დაჯგუფება Dark Side იდგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, Dark Side სხვა ჰაკერულ ჯგუფებთან შედარებით ახალი დაჯგუფებაა, რომელიც მიზანში ძირითადად არარუსულენოვან ქვეყნებს იღებს და ფულის გამოძალვით არის დაკავებული.
კიბერთავდასხმა მილსადენზე, რომელიც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მოსახლეობის თითქმის ნახევას უზრუნველყოფს, 6 მაისს დაიწყო. ჰაკერებმა მოიპარეს მონაცემები, დაბლოკეს კომპანიის კომპიუტერული სისტემა და გამოსასყიდს ითხოვენ. ამ დროისთვის, არ არის ცნობილი თანხის ოდენობა.
შტატების ტრანსპორტის დეპარტამენტმა კვირას რეგიონალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ისეთ შტატებში, როგორიცაა ფლორიდა, ალაბამა, არკანზასი ტეხასი, ნიუ იორკი და პენსილვანია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მილსადენის ფუნქციონირების შეფერხებამ შესაძლოა საწვავის ფასის ზრდა გამოიწვიოს.