ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩა N2ა-N4-ში გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტის საფარი, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 900 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მცხოვრებლებს და გუდამაყრის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კერძო სკოლის დირექტორს შეხვდა.
„კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოვაგვარეთ სანზონის დასახლებაში. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, გუდამაყრის ქუჩა N2ა-ში, სადაც 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, წყალარინების პრობლემური ქსელი შევცვალეთ, ახლა კი კორპუსის ეზოში გზას ვაწესრიგებთ. N4-ში კი კერძო სკოლა „პოლიგლოტი“ მდებარეობს. სკოლის შენობის გვერდით, სადაც ასფალტის საფარს ვაგებთ, იყო დაბინძურებული ტერიტორია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც მოსწავლეები, ასევე ადგილობრივები, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 102 000 ლარი გამოყო.