სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადა.
ფაშინიანის განცხადებით, გასპარიანი 10 მარტიდან თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება.
"იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პრემიერ-მინისტრის განკარგულებას კანონით დადგენილ ვადებში და არ მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი 10 მარტიდან, კანონის ძალით, თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლება", - განაცხადა ფაშინიანმა.
მანამდე სომხეთის პრეზიდენტმა ორჯერ არ მოაწერა ხელი ფაშინიანის განკარგულებას გენერალური შტაბის გათავისუფლების თაობაზე და არც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიუმართავს განკარგულების პროექტის კონსტიტუციურობის დასადგენად.
სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს განკარგულებას და ამავდროულად, არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, განკარგულება ავტომატურად ძალაში შესულად ითვლება.
25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოითხოვეს პრემიერ-მინისტრისა და რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა. ფაშინიანმა ეს მოწოდება შეაფასა, როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობა და პრეზიდენტს გასპარიანის გადაყენების შუამდგომლობით მიმართა.