კალიფორნიაში, სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინით აცრეს, რომელიც საგანგებოდ ცხოველებისთვის შეიქმნა.
ოთხმა ორანგუტანმა და ხუთმა ბონობომ ვეტერინარული ფარმაცევტული კომპანიის Zoetis-ის ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს.
როგორც ზოოპარკის ადმინისტრაცია იტყობინება, ვაქცინაციის შემდეგ მაიმუნებში უარყოფითი რეაქცია არ გამოვლენილა და უახლოეს მომავალში ჩაუტარდებათ ანტისხეულების ტესტი, რათა დადგინდეს რამდენად წარმატებული იყო აცრა.
მანამდე, იანვრის დასაწყისში, კორონავირუსი ზოოპარკის 8 გორილას დაუდასტურდა. ახლა უკვე ისინი გამოჯანმრთელებულები არიან.
კორონავირუსი სხვადასხვა დროს ცხოველთა არაერთ სახეობაში გამოვლინდა, მათ შორის ლომებში, ვეფხვებში, წაულებში, ძაღლებსა და კატებში.
Zoetis-მა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება კატებისა და ძაღლებისთვის გასული წლის თებერვალში დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰონგ კონგში კორონავირუსი ძაღლს დაუდასტურდა.
გასული წლის ოქტომბერში, ვაქცინა კატებისა და ძაღლებისთვის უსაფრთხოდ და ეფექტურად მიიჩნიეს.