ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ქვეყნის გენერალურ პროკურატურას გადასცა დოკუმენტები ბელარუსის ოპოზიციის ლიდერისა და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის სვიატლანა ციხანოუსკაიას ექსტრადიციის შესახებ.
"ციხანოუსკაია ამჟამად ძებნილთა სიაშია", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ დასრულდა სისხლის სამართლებრივი გამოძიება ციხანოუსკაიას 4 თანამებრძოლის წინააღმდეგ.
ბელორუსის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, პოლიციამ ამ საქმის მთავარი ბრალდებულები გასული წლის 6-8 აგვისტოს დააკავა. მათ ბრალად მასობრივი არეულობის მომზადება და სამთავრობო შენობების ხელში ჩაგდებისთვის მზადება ედებათ. ყველა ბრალდებული დაკავებულია.
გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნაში შეიყვანა. მოსკოვმა განმარტა, რომ რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს არ დაწყებული აქვთ საქმე ტიხანოვსკაიას წინააღმდეგ, მაგრამ ისინი სხვა სახელმწიფოს ინიციატივით შეიტანეს ძებნილი პირების მონაცემთა ბაზაში. მოგვიანებით ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ტიხანოვსკაია საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადეს.
ალიაქსანდრ ლუკაშენკას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, ბელარუსში დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, ათასობით ადამიანი დაშავდა, დააპატიმრეს და დააკავეს, მათ შორის ათობით ჟურნალისტი. ცხრა ადამიანი დაიღუპა
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვიატლანა ციხანოუსკაია არჩევნების შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. იგი აქტიურად უჭერს მხარს ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას და ლუკაშენკას რეჟიმზე ზეწოლის გასაძლიერებლად შეხვედრებს მართავს დასავლეთს ქვეყნების ლიდერებთან.