"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტის იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების მიერ მისთვის იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებას ეხმიანება.
"ეს მონები მე ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია. მდინარაძე, თალაკვაძე, კობახიძე, მურუსიძე, ესენი არიან, არასდროს ვიყენებდი ამ ფრაზას - არიან უსიტყვო მორჩილებაში. ახლა უნდა ვთქვა, ესენი არიან - მონები. მონებო, ვერ გამასამართლებთ. მონა ვერ გასამართლებს ვერცერთ ღირსეულ საქართველოს მოქალაქეს. ივანიშვილის მარიონეტები ვერ დამიჭერენ. მეტიც, გაგიწყდებათ ის ჯაჭვი, რომელიც მყარი გეგონათ. ივანიშვილი სხვისი მონაა. აი, ესე მატრიოშკაში ხართ: მონა, მერე პატარა მონა, მერე უფრო პატარა, ვერ გამასამართლებთ", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ შეკითხვით მიმართა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს.
"მივმართავ ამერიკის ელჩს, ქალბატონ დეგნანს, ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, ერთი რაუნდი, ორი რაუნდი, სამი რაუნდი, ჩვენ უნდა შევსულიყავით პარლამენტში და გვთხოვდა ამას და დავუშვათ შევსულიყავით, მე ახლა გავსამართლდებოდი? რა თქმა უნდა, არა, ვის ინტერესის სფეროში ვიქნებოდი? მონებს აღარ აქცევენ ყურადღებას", - თქვა მელიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს.
იურიდიული კომიტეტის წევრთაგან გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ "მოქალაქეების" წევრმა, ლევან იოსელიანმა. ხოლო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას.
ახლა უკვე ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების საკითხს კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა ეყაროს.
საპარლამენტო კომიტეტებში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერებას განიხილავენ.
საკითხს მოგვიანებით პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
გასული წლის 1-ელ ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარამდე. მელია სწორედ ამ გირაოს გადახდას არ აპირებს. პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნისთვის მიმართა.
საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მზად არის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნან.