ლიბანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. იუწყება სააგენტო Reuters-ი.
გავრცელებული ცნობით, პირველი აცრა საჯაროდ ქვეყნის უმსხვილესი საზოგადოებრივი საავადმყოფოს კრიტიკული თერაპიის ხელმძღვანელმა გაიკეთა.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თავის რიგს დაელოდება და მხოლოდ მაშინ აიცრება.
ლიბანში ვაქცინაცია Pfizer/BioNTech-ის პრეპარატით მიმდინარეობს. ამ დროისთვის ქვეყანამ 28 000 დოზა მიიღო. სულ ჯამში წლის ბოლომდე Pfizer/BioNTech-თან გაფორმებული კონტრაქტის გათვალისწინებით, ლიბანი 2.1 მილიონ დოზას მიიღებს.
ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ლიბანი Covax პლატფორმიდან ვაქცინის 2.7 მილიონ დოზას მოელის. მათივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები AstraZeneca-სთან ვაქცინის დაახლოებით 1.5 მილიონი დოზის შესყიდვაზე.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ლიბანი მკაცრი კარანტინის პირობებში იმყოფებოდა, თუმცა ამ კვირაში მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო.