შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერებს, რომელთაც გადატრიალების შედეგად ხელთ იგდეს ძალაუფლება, სანქციები დაუწესდება. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაიდენის თქმით, მან უკვე მოაწერა ხელი აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ დააწესოს სანქციები სამხედრო გადატრიალების ლიდერებს, მათ ბიზნესინტერესებსა და ოჯახის წევრებზე.
პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს დღეებში განისაზღვრება სანქცირებულ პირთა წრე.
ჯო ბაიდენის თქმით, აშშ ასევე გეგმავს, ექსპორტზე მკაცრი კონტროლი დააწესოს, შეზღუდოს ხუნტის ლიდერების წვდომა მიანმარის აქტივებთან, რომელიც ამერიკაშია განთავსებული.
"მიუხედავად ამისა, ამერიკა გააგრძელებს მიანმარის ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას", - დასძინა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები მზად იქნება, დამატებითი ზომები მიიღოს ხუნტის წინააღმდეგ.
ბაიდენმა მოუწოდა სამხედრო ხუნტის ლიდერებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მშვიდობიანი მომიტინგეები და სამოქალაქო ლიდერები, ასევე სახელმწიფო კანცლერი აუნ სან სუ ჩი და მიანმარის პრეზიდენტი, და შეწყვიტონ დემონსტრანტების დარბევა.
მიანმარში სამხედროებმა ძალაუფლება ხელში 1-ელ თებერვალს ჩაიგდეს, მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს, რომ გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები გაყალბებული იყო. ამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პარტიამ "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის", რომლის ლიდერია აუნ სან სუ ჩი.
სამხედროებმა ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე დაატყვევეს სახელმწიფო კანცლერი აუნ სან სუ ჩი, ქვეყნის პრეზიდენტი ვინ მიინტი და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები. გავრცელებული ცნობით, ისინი შინაპატიმრობაში იმყოფებიან.
სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მოსახლეობა არ ეგუება სამხედრო დიქტატურის დამყარებას და ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს მართავს.