გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაწესებული მკაცრი შეზღუდვები 7 მარტამდე გახანგრძლივდა.
გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს კანცლერმა ანგელა მერკელმა და ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებმა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მიწა დაჟინებით მოითხოვდა ზომების შემსუბუქებას.
გერმანული მედიის ინფორმაციით, კანცლერი მერკელი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა შემაკავებელი ზომების შემსუბუქებას და ამას კორონავირუსის ახალი შტამების უფრო სწრაფი გავრცელების უნარით გამოწვეული რისკებით ხსნიდა.
"პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად კვლავ რჩება სოციალური კონტაქტების შეზღუდვა და მოწოდება "დარჩით სახლში", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ბერლინისა და რეგიონების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
შედეგად, გერმანიაში სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, თეატრები და კინოთეატრები, ფიტნეს ცენტრები და საცალო ვაჭრობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, კვლავ დაკეტილი იქნება.
ფედერალურმა მიწებმა მიიღეს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტონ როდის და რა ფორმით განაახლებენ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მუშაობას. რეგიონულ დონეზე ამ გადაწყვეტილების დელეგირებას დაჟინებით მოითხოვდა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინსიტრი არმინ ლაშეტი, რომელიც აცხადებდა, რომ სკოლებისა და ბაღების კვლავ დახურულ რეჟიმში შენარჩუნება სავალალო შედეგებს გამოიღებდა ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის.
გარდა ამისა, მიღებული გადაწყვეტილებით, სილამაზის სალონები დაგეგმილზე ადრე, 1-ლი მარტიდან განაახლებენ მუშაობას.
შემდგომი შეხვედრა, სადაც იმსჯელებენ შეზღუდვების შემსუბუქების ან გახანგრძლივების შესახებ, 3 მარტს არის დაგეგმილი.