სოციალური ქსელი Twitter-ი არასდროს აღუდგენს წვდომას საკუთარ ანგარიშზე შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-სთან საუბრისას განაცხადა სოციალური ქსელის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა, ნედ სეგალმა.
"ჩვენი პოლიტიკა ასეთია. თუ ვინმე პლატფორმიდან წაიშალა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის წაშლილია, იქნება ეს კომენტატორი, ფინანსისტი თუ ყოფილი სახელმწიფო მოხელე", - განაცხადა სეგალმა.
მისივე განცხადებით, Twitter-ის პოლიტიკა დაფუძნებულია ძალადობისა და ძალადობისკენ წაქეზების მიუღებლობაზე.
"თუ ვინმე ამ გზას აირჩევს, ჩვენ მას წავშლით და უკან აღარასდროს დავაბრუნებთ", - დასძინა სეგალმა.
Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიში 9 იანვარს სამუდამოდ დაბლოკა.