რუსი ჟურნალისტი, "როსია სეგოდნიას" და RT - ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ რუსეთში უცხოური სოციალური ქსელები უნდა აიკრძალოს. აღნიშნული განცხადება სიმონიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც Instagram-მა მისი პოსტი წაშალა.
"ჰა, ინსტაგრამმა ჩემი უწყინარი პოსტიც წაშალა! კართაგენი უნდა დაინგრეს, რუსეთში უცხოური სოციალური ქსელები უნდა დაიხუროს", - დაწერა მან Telegram-არხზე.
სიმონიანმა Telegram-ში გამოქვეყნებულ პოსტს დაურთო ის ტექსტიც, რომელიც მანამდე Instagram-მა წაშალა: "ერთადერთი სანქცია, რომელმაც, შესაძლოა, გული მატკინოს - ჩემს მშობლიურ ყუბანში ჩასვლის აკრძალვა იქნება", - წერდა სიმონიანი.
სიმონიანი რუსეთის იმ 35 მოქალაქის სიაშია, რომელთა წინააღმდეგაც, კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა აშშ-ს სანქციების დაწესებისთვის მიმართა. აღნიშნული სია Washington Post-მა გამოაქვეყნა, ფონდის წერილი გაეგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტს, ფინანსთა დეპარტამენტსა და ეროვნული დაზვერვის დირექტორს.