ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1-7 თებერვალს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 პროცენტით შემცირდა, ხოლო გარდაცვალების - 10 პროცენტით.
"მეოთხე კვირაა ზედიზედ ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
გასულ კვირას გამოვლინდა 3 153 426 ინფიცირებული (17 პროცენტით ნაკლები, წინა კვირასთან შედარებით) და 88 369 ლეტალური გამოსავალი. 7 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსის 105 529 382 შემთხვევა, გარდაიცვალა 2 302 614 პაციენტი.
დაავადების მაჩვენებლის კლება განსაკუთრებით შეიმჩნევა აფრიკასა (22%-ით) და ევროპაში (19%-ით), ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (17%-ით). ამ რეგიონებში ასევე იკლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შესაბამისად 30%, 13% და 4%-ით. ლეტალობის შემცირება დაფიქსირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა (21%-ით) და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (16%-ით).
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში შვიდი დღის განმავლობაში დაინფიცირდა 1,5 მლნ-ზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 45 ათასზე მეტი პაციენტი. ევროპაში დაავადებულთა რაოდენობა 1,1 მილიონით გაიზარდა, ლეტალური გამოსავლები კი დაახლოებით 33 ათასით. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამოვლინდა 177 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 2 500-ზე მეტი პაციენტი.
აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ კვირაში 871 ათასით გაიზარდა, შემდეგ მოდის ბრაზილია (328 ათასზე მეტი), საფრანგეთი (136-ზე მეტი), დიდი ბრიტანეთი (133 ათასზე მეტი), რუსეთი (116 ათასზე მეტი), იტალია (83 ათასზე მეტი), ესპანეთი (82 ათასზე მეტი), ინდონეზია (80 ათასზე მეტი), ინდოეთი (80 ათასზე მეტი) და მექსიკა (70 ათასზე მეტი).