ყოფილი იუსტიციის მინისტრი და პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სტრასბურგში 2008 წლის აგვისტოს ომზე მოგებულ დავას მხოლოდ მათი ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია საჩივრის კვალიფიცურად წარმოებისთვის.
"ჩემი მხრიდან ასევე არ იქნება მართალი, თუ არ ვიტყვი, რომ საჩივრის კვალიფიციურად წარმოებისათვის წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, ან თითქმის არაფერი გაუკეთებიათ. დაე, მათ ეწყინოთ და გვისაყვედურონ, მაგრამ ეს უნდა ითქვას, რადგან ამ დარბაზში სხედან ახალგაზრდები და გარეთაც არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც ამ დარბაზში რამდენიმე წელიწადში უნდა ჩაგვანაცვლონ. თქვენც უნდა ჩაგანაცვლონ, ბატონო მინისტრო, და მთავრობაც.
ეს არის ის ახალგაზრდა თაობა, რომლისთვისაც ჩვენ ვშრომობდით. ჩვენ არ ვშრომობდით რაღაც სხვისთვის. ჩვენ ვშრომობდით, რომ მათთვის დაგვეტოვებინა სამართლებრივი დოკუმენტი და მყარი საფუძველი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, რომელიც მანამდე უბრალოდ არ გაგვაჩნდა. მინდა, ყველამ კარგად გავიაზროთ, თუ რა მოხდა 21 იანვარს. ჩვენ პირველად შევიძინეთ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც საფუძველს უმყარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამგვარი მყარი სამართლებრივი საფუძველი ჩვენ მანამდე არ გვქონდა.
თუ რა გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, ამაზე ბატონმა გოჩამ ძალიან დეტალურად ისაუბრა, მე არ შევჩერდები, ამაზე დროს არ დაგაკარგინებთ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ეს დავა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ექნებოდა პირწმინდად წაგებული, რადგან მტკიცებულებების 90 და მეტი პროცენტი საქმეზე სწორედ 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მოგროვდა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.