არგუმენტი, თითქოს ყველაფერი შესწორებულია, გახლავთ აბსურდული, რადგან შესწორების ოქმებს, სადაც ასეთი არსებობს, ყველგან ახლავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ხელმოწერები, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართული ოცნება პრინციპულად მზადაა და გაგვაჩნია პოლიტიკური ნება, რომ ოპოზიციასთან ერთად მოხდეს საკითხის შესწავლა.
„გახსოვთ ჩვენი პირობა საზოგადოების წინაშე, რომ პარლამენტის საქმიანობის დაწყებისთანავე, საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად შევქმნიდით საგამოძიებო კომისიას, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეისწავლიდა, ვინაიდან ჩვენ მაშინაც მიგვაჩნდა და დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ გაყალბებასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის ბრალდებები გახლდათ უსაფუძვლო. დღეს ჩვენ პრინციპულად მზად ვართ და გაგვაჩნია პოლიტიკური ნება, რომ ოპოზიციასთან ერთად შევისწავლოთ ეს საკითხი. მათივე პრეტენზიები საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოვიკვლიოთ და დავდოთ მიუკერძოებელი დასკვნა. ჯერჯერობით, რასაც ვისმენთ საჯაროდ, არის ერთადერთი კონტრარგუმენტი – ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი აცხადებს, რომ რაღა აზრი აქვს კომისიის შექმნას, ყველაფერი უკვე გადასწორებული აქვს ხელისუფლებას ოქმებში და შესაბამისად დარღვევების აღმოჩენა ვეღარ მოხდებაო. ამ ღიმილისმომგვრელ არგუმენტზე, მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ როგორც თავდაპირველი დათვლის ოქმები, ასევე დათვლიდან ძალიან მოკლე ხანში გაკეთებული შესწორების ოქმები არის ხელმოწერილი ოპოზიციური პარტიების 11 ათასამდე წარმომადგენლის მხრიდან. თუ ასე არ არის, მათ შორის ამის გადამოწმებაც შეუძლია საგამოძიებო კომისიას. მაგრამ ეს ასეა და შესაბამისად, არგუმენტი, თითქოს ყველაფერი შესწორებულია, რა თქმა უნდა, გახლავთ აბსურდული, რადგან შესწორების ოქმებს, სადაც ასეთი არსებობს, ყველგან ახლავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ხელმოწერები. თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის გაკეთებული, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ამის გადამოწმებაც მარტივად შეუძლიათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.