გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი აცხადებს, რომ რუსეთიდან ევროპელი დიპლომატების გამოძევება უპასუხოდ არ დარჩება.
"რუსეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატის, მათ შორის მოსკოვში გერმანიის საელჩოს თანამშრომლის გამოძევების შესახებ, არანაირად არ არის გამართლებული და კიდევ უფრო აზიანებს ურთიერთობებს ევროპასთან. თუ ეს ნაბიჯი არ გადაიხედება, უპასუხოდ არ დარჩება", - აცხადებს ჰაიკო მაასი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობისათვის გერმანელი, პოლონელი და შვედი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატებს უბრძანა, ქვეყანა უახლოეს დღეებში დატოვონ.
გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატები საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჟოზეპ ბორელისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პრესკონფერენციის დროს გააძევეს. ბორელი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
რუსეთის ქალაქებში რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით მრავალათასიანი აქციები 23-31 იანვარს გაიმართა.