ექვსმა ამერიკელმა სენატორმა შეერთებული შტატების სენატს წარუდგინა კანონპროექტი რუსი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით.
დემოკრატებმა კრის კუნსმა, ბენ კარდინმა, კრის ვან ჰოლენმა, დიკ დუბრინმა და რესპუბლიკელებმა მიტ რომნიმ და მარკო რუბიომ წარადგინეს კანონპროექტი მავნებლური საქმიანობის გამო რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ.
სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიმართავენ, გარკვიოს დაარღვია თუ არა კრემლმა კანონები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესახებ. თუ დადასტურდება, რომ გარკვეულმა რუსმა ჩინოვნიკებმა დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი, მათ წინააღმდეგ სანქციები უნდა ამოქმედდეს.
ასევე, დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა კანონპროექტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 90 დღისა, კონგრესს უნდა წარუდგინოს მოხსენება იმ პირების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ნავალნის მოწამვლაზე. ამ პირების მიმართ სენატორების აზრით, უნდა დაწესდეს სანქციები "მაგნიტსკის აქტის" შესაბამისად.
აგრეთვე კანონმდებლები ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღებიდან არა უგვიანეს, 180 დღისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელთან ერთად კონგრესს უნდა წარუდგინოს მოხსენება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის გარემოებების შესახებ.
ამას გარდა, სენატორები მოითხოვენ მოხსენების შედგენას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის წევრების აქტივების შესახებ.
კანონმდებლები ასევე მოითხოვენ, რომ სახელმწიფო მდივანმა მტკიცედ მოუწოდოს გერმანიას უარი თქვას პროექტ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მხარდაჭერაზე.