ევროკავშირის პოლიციის სამსახურმა - ევროპოლმა განაცხადა, რომ კორონავირუსზე უარყოფითი ყალბი ტესტებით უკანონო ვაჭრობა ხორციელდება.
"იმ დროს, როცა პანდემიის გამო მოგზაურობაზე შეზღუდვები ძალაში რჩება, სავარაუდოა, რომ დამნაშავეები ისარგებლებენ შესაძლებლობით დაამზადონ და გაყიდონ COVID-19-ზე ყალბი უარყოფითი ტესტები", - აღნიშნულია ევროპოლის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ასეთი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა ესპანეთსა და საფრანგეთში. პარიზში ყალბ უარყოფით ტესტებს პირდაპირ შარლ დე გოლის აეროპორტში ყიდდნენ. თაღლითები მოქმედებდნენ ევროკავშირის საზღვრებს მიღმაც - დიდ ბრიტანეთშიც.
"ფართოდ ხელმისაწვდომი ტექნოლოგიური საშუალებები უმაღლესი ხარისხის პრინტერების სახით და მრავალფეროვანი პროგრამული უზრუნველყოფის გათვალისწინებით, თაღლითებს შეუძლიათ დაამზადონ მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები", - ნათქვამია ევროპოლის განცხადებაში.