ათასობით მოქალაქე კვლავ შეიკრიბა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე, ხელისუფლების მიერ არასანქცირებულ, საპროტესტო აქციებზე, სადაც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიის ცნობით, რუსეთის სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
საპროტესტო აქციების ფონზე, მოსკოვის პოლიციის მიერ გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები - ქალაქის ცენტრალურ უბნებში დაიხურა მეტროსადგურები და შეიზღუდა გადაადგილება. მედიის ცნობით, მოსკოვში 140-მდე ადამიანია დაკავებული, მათ შორის ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია.
ასობით ადამიანი შეიკრიბა პუტინის მშობლიურ ქალაქ სანტქ პეტერბურგის ცენტრალურ მოედანზე, შეძახილებით "ძირს მეფე!".
საპროტესტო აქციები გაიმართა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ნაწილშიც. ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში 2000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა შეძახილებით "თავისუფლება" და "პუტინი ქურდია".
-40-გრადუსიანი ყინვის მიუხედავად, საპროტესტო აქცია გაიმართა იაკუტსკშიც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 1000-ზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი ომსკში, ხოლო 7000-ზე მეტი ეკატერინგბურგში.
საპროტესტო აქციები რუსეთის სხვა არაერთ ქალაქში მიმდინარეობს.
ხალმხმრავალი საპროტესტო აქციები მთელი რუსეთის მასშტაბით გასულ კვირასაც გაიმართა. მაშინ პოლიციამ აქციის 4000-ზე მეტი მონაწილე დააკავა.
ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, ბერლინიდან ჩამოფრენის შემდეგ დააკავეს.
ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.
ფოტო: Reuters