მედიამ ტამბოვის დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთი წევრის გოსდუმის დეპუტატის გალინა სტაროვოიტოვას მკვლელობაში ბრალდებული იური კოლჩინის დაკითხვის დეტალები გაარკვია, რომელმაც ტელეჟურნალისტ ვლადისლავ ლისტიევის მკვლელობის შესაძლო შემკვეთები და შემსრულებლები დაასახელა. კოლჩინს სტაროვოიტოვას მკვლელობისათვის 2005 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სექტემბერში მისი მოსკოვში ეტაპირება მოხდა, მანამდე კი იგი დაკითხეს.
გაზეთ "იზვესტიასთან" საუბარში ჟურნალისტური გამოძიებების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ევგენი ვიშენკოვი აცხადებს, რომ მისი კოლეგებისათვის "ფონტანკა რუ" დან ცნობილი გახდა, რომ კოლჩინმა ვლად ლისტიევის მკვლელობის დამკვეთთა შორის ლონდონში მაცხოვრებელი ცნობილი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი და კრიმინალური ავტორიტეტები ვლადიმირ ბარსუკოვი (კუმარინი) და 2003 წელს მოკლული კონსტანტინე იაკოვლევი ზედმეტსახელად "მოგილა" დაასახელა. დაკითხულის სიტყვებიდან ასევე ირკვევა, რომ ლისტიევის მკვლელობა დაკავშირებული იყო მის მცდელობასთან დაერეგულირებინა ფულადი შემოსავლები, რომლებიც "ორტ"-ში რეკლამისათვის შედიოდა.
კოლჩინი ასევე აცხადებს, რომ ლისტიევის მკვლელობის უკან იდგა სანქტ-პეტერბურგული, ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული კრიმინალური დაჯგუფება ვალდიმერ ბარსუკოვის (კუმარინის) და კონსტანტინე იაკოვლევის (მოგილას). მთელი კრიმინალური საქმიანობა, რომელიც მედიაბიზნესთან და რეკლამასთან იყო დაკავშირებული მოგილას მიერ კონტროლდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ვლადისლავ ლისტიევი 1995 წლის 1 მარტს თავისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოკლეს. მკვლელობის ძირითად ვერსიათა შორის გამომძიებელები ცნობილი ჟურნალისტის პროფესიულ და პოლიტიკურ საქმიანობას განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ ვლადისლავ ლისტიევის მკვლელობამდე რამდენიმე თქვით ადრე ტელეარხ "ორტ"-ს პრივატიზება მოხდა და იგი ბორის ბერეზოვსკის კონტროლის ქვეშ გადავიდა. თვითმხილველთა თქმით, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ლისტიევმა განაცხადა, რომ ტელერეკლაზე ბერეზოვსკის მონოპოლიის მოსპობას აპირებდა.
ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ კოლჩინის ჩვენებებში არის ინფორმაცია ბერეზოვსკისა და მოგილას შეხვედრის შესახებ. დაკითხული ასევე მიიჩნევს, რომ მოგილას შეეძლო ბერეზოვსკისგან მიეღო შეკვეთა, რომელიც მის ინტერესებსაც ემთხვეოდა. ვიშენკოვი კი აცხადებს, რომ შემსრულებლებად შესაძლოა მათ "ტამბოველებიც" გამოეყენებინათ.