ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთის და პოსტსაბჭოთა ქვეყნები რაც შეიძლება ახლოს ჰყავდეს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირის გაფართოებას სკეპტიკურად უყურებს, ტექნიკური და ფინანსური პრობლემების გამო და არა განსაკუთრებული პოლიტიკური მოტივაციის გამო. თუმცა, ეს არის დინამიური პოლიტიკური პროცესი, რომელიც ყოველთვის იცვლება და დამოკიდებულია ბევრ გარემო ფაქტორზე. განურჩევლად იმისა, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირს და მასში შემავალ ქვეყნებს ორგანიზაციის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათთვის მნიშვნელოვანია რომ, აღმოსავლეთის და პოსტსაბჭოთა ქვეყნები რაც შეიძლება ახლოს ჰყავდეს", - აღნიშნა კალანდაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ქვეყნებთან დაახლოების მექანიზმები გააჩნდეს, ასევე ჰქონდეს ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა.
"ჩვენ ხედვას რას შეეხება, მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ევროკავშირთან გაღრმავებული ურთიერთობა გვქონდეს. ეს მიანიშნებს იმაზეც, რომ არის შექმნილი მექანიზმები, როგორიცაა გამარტივებული სავიზო რეჟიმი, ასევე დავიწყეთ საუბარი სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებაზეც", - აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვენებთან თავისუფალი მიმოსვლა, ევროკავშირის ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა, დანარჩენი კი დროის საკითხია.