რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი "თბილისის წყალთან" დაკავშირებული ინფორმაციის მოსაპოვებლად სასამართლოს მიმართავს.
"2 ივლისს განცხადებით მივმართე თბილისის მერს და "თბილისის წყალთან" დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ასლების გადმოცემას ვითხოვდი, მაგრამ სულ ტყუილად", - აღნიშნა ხიდაშელმა.
ხიდაშელი აცხადებს, რომ თბილისის მერის მხრიდან კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად დღემდე არც ერთი დოკუმენტი ან ინფორმაცია არ მიუღია.
"სრულიად ნათელია, რომ ინფორმაციის დამალვით მერია ცდილობს თბილისის წყალთან დაკავშირებული კორუფციული გარიგების დამალვას და საკუთარი დანაშაულის მიჩქმალვას. სასამართლოს ინფორმაციის მიღების მოთხოვნით მივმართავთ ", _ აღნიშნა ხიდაშელმა.
მისი განცხადებით, რესპუბლიკური პარტია აგრძელებს "თბილისის წყალთან" დაკავშირებულ გამოძიებას და მალე საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მიაწვდის მოქმედი სქემებისა და კორუფციული გარიგებების შესახებ.