ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალით, კერძოდ კი ბეთჰოვენის მე-7 სიმფონიით გაიხსნა. ღონისძიებას პოეტი რატი ამაღლობელი უძღვებოდა.
შემდეგი ნაწარმოები, რომელიც თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა შეასრულა, გია ყანჩელის „ექსკონტრარიო" იყო. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პირველი დღე კი ბეთჰოვენის ნაწარმოებებით დასრულდა. ბოლო ნაწარმოები ორკესტრთან ერთად ელისო ვირსალაძემ შეასრულა.
„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი კვლავ განახლდა. 90-იან წლებში მომხდარი არეულობების გამო ფესტივალი შეწყდა და ახლაღა მოხერხდა მისი აღდგენა. იმ უცხოელი შემსრულებლების უმრავლესობა, რომლებიც ფესტივალში მონაწილეობისთვის ჩამოვიდნენ, აქ უკვე ნამყოფები არიან და ამიტომ დიდი სიამოვნებით მიიღეს ჩვენი მოწვევა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ელისო ვირსალაძემ.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მომდევნო დღეებში ფესტივალში ქართველებთან ერთად უცხოელი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი 22 ოქტომბერს დაიხურება.