21 ოქტომბერს მოსკოვის საქალაქო სათათბირო დედაქალაქის მერის თანამდებობაზე სერგეი საბიანინის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" ქალაქის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით იუწყება, რომლის ვინაობასაც სააგენტო არ ასახელებს.
"მოსკოვის საქალაქო სათათბირო დედაქალაქის მერის თანამდებობაზე სერგეი საბიანინის კანდიდატურის შესახებ დოკუმენტი ჯერ კიდევ შაბათს მიიღო. 18 ოქტომბერს საორგანიზაციო საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც ქალაქის მერის დანიშვნის საკითხის განხილვის თარიღი ოფიციალურად დასახლდება.
მისივე თქმით, 19 ოქტომბერს დაგეგმილია რუსეთის მთავრობის სხდომა, ხოლო 20 ოქტომბერს საქალაქო სათათბიროს სხდომა, თუმცა მოსკოვის მერის საკითხი სხდომაზე არ დადგება, რადგან დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია და მისთვის ცალკე სხდომა უნდა დაინიშნოს.
"მოსკოვის მერის კანდიდატურის განხილვა 21 ოქტომბერს დილით მოხდება", - აცხადებს სააგენტოს წყარო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის მერი ვიცე პრემიერი სერგეი საბიანინის კანდიდატურა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვის საქალაქო საბჭოს წარუდგინა.
სერგეი საბიანინი დაიბადა 1958 წელს ხანტი-მანაისკის ოლქის, ბერიოზივსკის რაიონის სოფელ ნიაკსიმვოლში. 2001 წლიდან იყო ტუმენის ოლქის გუბერნატორი, 2005 წლის ნოემბერში დაინიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ვიცე პრემიერ-მინისტრი _ რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატის უფროსი.