აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში პირობას დებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისათვის გამოყოფილი ფინანსური სახსრები გამჭვირვალედ დაიხარჯება. აღნიშნული პირობა სერგეი ბაღაფშმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან სერგეი ნარიშკინთან შეხვედრის დროს გააკეთა.
"სახსრების მოძრაობის შესახებ ყველაფერი გამჭვირვალედ იქნება, თან ისე, რომ ამ საკითხში არავითარი კითხვა არ გაჩნდეს", _ განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ ეს ერთ ერთი მთავარი საკითხია.
აღნიშნულ შეხვედრას რუსეთის რეგიონების განვითარების მინისტრი ვიქტორ ბასარგინიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეჭვის შეტანის საფუძველი იმ საკითხში, რომ აფხაზეთის ეკონომიკის კომპლექსური განვითარების პროგრამა დათქმულ ვადებში იქნება რეალიზებული არ არსებობს. მისივე თქმით, რამდენიმე ხნის წინ მან მოინახულა აფხაზეთში მიმდინარე მშენებლობები მათ შორის გზებისა და სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობები და "ყველაფერი ნორმალურად მიდის".