საქართველოს პარლამენტი დაელოდა საკონსულტაციო ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და ეს ზუსტად აბათილებს იმ ხალხის არგუმენტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს კონსტიტუცია ვიღაცას მოარგეს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო " Holiday Inn "-ის მშენებლობის პროცესის მონახულებისას.
"პარლამენტის როლი მთავრობის ფორმირებაში გაძლიერდა. ამიერიდან მთავრობას დააკომპლექტებს არა ერთპიროვნულად პრეზიდენტი, რომელიც ხუთ წელიწადს გარანტირებულად იქნება და რასაც უნდა შეცვლის და გადააჯგუფებს მთავრობაში, არამედ პარლამენტი, რომელიც იქნება ხალხის მიერ არჩეული. ესე იგი, ბევრად უფრო ვალდებული იქნება პარლამენტი ამომრჩევლის წინაშე და მთავრობა ბევრად უფრო ანგარიშვალდებული - პარლამენტის წინაშე", _ აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ამ კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ ნებისმიერ მთავრობას და პრემიერს მუშაობა გაურთულდება..
"მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის სწორი მოდელი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.