ქართული მხარე იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა 13-ე რაუნდი კიდევ ერთხელ ჩაიშალა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დატოვების მიზეზით. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
"აშკარაა, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილება ჟენევის დისკუსიების ბოიკოტირების თაობაზე უკავშირდება მხოლოდ რუსეთის უარს დართოს ნება იძულებით გადაადგილებულ პირებს და დევნილებს უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ იმ ადგილებს საიდანაც იძულებით იყვნენ განდევნილნი", _ ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტის თანახმად, ცხინვალის რეჟიმის გადაწყვეტილების გამო სინანული გამოთქვეს თანათავმჯდომარეებმა და გავრცელებულ კომუნიკეში განაცხადეს, რომ მეორე სამუშაო ჯგუფის ჩვეულ ფორმატში განახლება არსებითად მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრისათვის.