ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2010 წლის 16 დეკემბერს გაიმართება. ეს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა გააკეთა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებათა ჩატარებული რაუნდი რთული იყო, მაგრამ "ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია".
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებათა ამ რაუნდში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ აფხაზი და ოსი სეპარატისტები. მათ მოლაპარაკებათა უკვე ჩატარებულ რაუნდზე პროტესტი გამოხატეს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ქართველი დევნილების დაბრუნებას შეეხება და მათ ქონებრივ უფლებებს აღიარებს.
"ყურადსაღებია სამხრეთ ოსეთის დელეგაციის მიერ მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი ინიციატივა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან 2008 წელს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან დევნილი ქართული მოსახლეობის დაბრუნებას შეუწყონ ხელი. ისინი აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთი მრავალეროვანი სახელმწიფოა და იქ ცხოვრების უფლება ქართველებსაც აქვთ. ეს პოზიტიური სიგნალია,"- განაცხადა გრიგორი კარასინმა.